არჩევნები
მერაბ ქვარაიას არ აქვს პასუხი, ზუგდიდში „ქართული ოცნება“ დამარცხდა თუ ზურაბიშვილი (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართველმა ხალხმა მმართველ გუნდს გზავნილი გაუგზავნა და ცვლილებები მოითხოვა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ შედეგების სწორ ანალიზს გააკეთებენ და შესაბამისად იმოქმედებენ.

„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი, ბუნებრივია. იკვეთება, რომ ხალხმა გამოგვიზავნა გზავნილი, რომელსაც წავიკითხავთ სწორად და შესაბამის ღონისძიებებსაც გავატარებთ, რომ ვიყოთ ადეკვატურები მოთხოვნების და ვართ დარწმუნებული, რომ ცვლილებების კვალდაკვალ შევძლებთ, ახალ გამოწვევებს პასუხი გავცეთ და სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებები განვახორციელოთ. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ მეორე ტურში „ქართულმა ოცნებამ“ სხვა შედეგი დადოს და ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვოს“, - აღნიშნა ქვარაიამ.



რადიო „ათინათის“ კითხვაზე, რამ გამოიწვია ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის წაგება, საზოგადოების დამოკიდებულებამ „ქართული ოცნების“ თუ უშუალოდ ზურაბიშვილის მიმართ, ქვარაიამ გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

„ამის პირდაპირ პასუხი ამ ეტაპზე ვერ მექნება. საფუძვლიან ანალიზს და სწორ დასკვნებს საჭიროებს და ჩვენ შეგვწევს უნარი, რომ ზუსტად წავიკითხოთ ეს გზავნილები და შესაბამისი მოქმედებები განვახორციელოთ“, - თქვა მერაბ ქვარაიამ.

მან მოსახლეობას არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ სისტემური დარღვევები არ დაფიქსირებულა, ცალკეულ შემთხვევებზე კი შესაბამისი რეაგირებაც იყო.

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არჩევნებმა მაღალი ევროპული სტანდარტით, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ყველა არჩევნები იყო მაღალი სტანდარტით და ჩვენ შევძელით ის, რომ საქართველოში დამკვიდრდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის თუ საკუთარი ნების გამოვლენის პროცესი“, -დასძინა მაჟორიტარმა.

გრიგოლ ვაშაძემ, ცესკოს პირველადი მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტიდან 6-ში მოიპოვა გამარჯვება, სამ მათგანში კი სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

ამავე თემაზე:

როგორ გადანაწილდა ხმები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში 
Print