არჩევნები
ზუგდიდის საოლქო კომისია საჩივრების განხილვას დღეს დაიწყებს (ვიდეო)
#67 საოლქო კომისია ზუგდიდის საარჩევნო უბნებიდან შესულ საჩივრებს დღეს განიხილავს. კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, საოლქოში სულ 18 საჩივარია შემოსული, რომელიც, ძირითადად, პროცედურულ გადაცდომებს ეხება და ისინი კენჭისყრის შედეგებზე გავლენას არ იქონიებს.



"არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების საჩივრები. მათი უმეტესობა დაიწერა უბნებზე, თუმცა დიდი ნაწილი ადგილზე აღმოიფხვრა. ხოლო იმ საჩივრებს, რომელზეც ვერ მიიღეს უბანზე გადაწყვეტილება ოლქში დღეს განვიხილავთ", - თქვა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის 107-ვე უბანზე დათვლილი შედეგების მიხედვით, გრიგოლ ვაშაძემ ხმების - 49.46% (23 526 ხმა), სალომე ზურაბიშვილმა კი 33.91% (16 129 ხმა) მოიპოვა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული, 3705 უბნის შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64 %, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი - 37,74 % მიიღო. აღნიშნული მონაცემების შედეგად, მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო.


Print