არჩევნები
მოქალაქე, რომელსაც მერიაში გიჟი უწოდეს: ამათ ხელში 5% კი არა, მოსახლეობის 50%-ია უკვე შეურაცხადი (ვიდეო)
სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ გიჟი უწოდა, ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილს მოქალაქეებისადმი სწორედ ასეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება გააჩნია.

"მინდა გითხრათ, რომ ნანავას ამ სიტყვებზე მეცინება, რადგან ის თავად არის არაადეკვატური. ადამიანებს, რომლებიც მისი მისამართით პროტესტს გამოხატავენ, სწორედ ასე მოიხსენიებს... მართალი გითხრათ, ჩემი პროტესტი, რომელიც პოლიეთილენის ბრეზენტის უკან დაბრუნებით გამოვხატე არა ნანავას, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებას ეხებოდა. მინდა მათ მივაწვდინო ხმა და გავაგებინო, თუ როგორ ექცევიან, როგორ აბუჩად იგდებენ დევნილებს ესენი", - უთხრა რადიო "ათინათს" თეონა ქარდავამ.

მერის მოვალეობის შემსრულებლის ერთი წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენაზე, სამოქალაქო აქტივისტი თეონა ქარდავა ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობაში ჩასახლებულ დევნილებთან ერთად მივიდა და პროტესტის ნიშნად პოლიეთილენის ბრეზენტები მერიას უკან დაუბრუნა. ქარდავას თქმით, ეს სწორედ ის ბრეზენტებია, რომელიც ნანავამ დევნილებს შენობის გადასახურად მიუტანა. 



მოგვიანებით, მერის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მას ეს ემოციურ ფონზე წამოსცდა.

"გიჟი ვთქვი მისი საქციელის გამო, თორემ მე მისი სამედიცნო დასკვნა არა მაქვს. მისი მიზანი იყო ამ შეხვედრის ჩაშლა, ხოლო მის უკან გარკვეული პოლიტიკური პარტიები დგანან", - თქვა ჟურნალისტებთან ნანავამ.

მერიაში ამბობენ, რომ ჩაის ფაბრიკის ყოფილ შენობას ბრეზენტები რამდენიმე თვის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიუტანა, მაშინ როდესაც ძლიერი წვიმის შედეგად სახურავიდან წყალი ჩავიდა.

"ამის შემდეგ ცოტა ხანში მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ და რა ბიუჯეტიც გვქონდა იმის მიხედვით შევთავაზეთ გადახურვა. სულ ამისთვის 5 ათასი ლარი გვქონდა, მაგრამ დევნილებმა შენობის ნაწილის გადახურვა არ მონდომეს, მთლიანად უნდოდათ სახურავის გამოცვლა, რისი თანხაც ჩვენ არ გვქონდა. უფრო მეტიც, რომ გვქონოდა ეს თანხა, მაინც უარს ამბობდნენ გადახურვაზე, რადგან მათ გვითხრეს, რომ რემონტის შემდეგ შესაძლებელი იყო მათ ბინები არ მიეღოთ", - თქვა მერიის პროექტების პარტთის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ.

ინტერნეტ გამოცემა "ლაივპრესის" ინფორმაციით, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზარ ნანავავ თეონა ქარდავა გიჟად მოიხსენია და თქვა, რომ მოსახლეობის 5% გიჟია და მათ ჯანდაცვის პროგრამები სწორედ ასეთი ადამიანების სამკურნალოდ აქვთ.
Print