არჩევნები
სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა®️
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს უნიკალური საგანძური დაუბრუნდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ლია და მიხეილ ვოდეებმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს XIX საუკუნის დასასრულს შექმნილი თამარ მეფის უნიკალური პორტრეტი გადასცეს.

ხელოვნების ნიმუში პარიზში მცხოვრებ თამარ ბაგრატიონ მუხრანელს ეკუთვნოდა.თამარი მიხეილ ბაგრატიონ მუხრანელის ქალიშვილი და დიდი ქართველი მრეწველის აკაკი ხოშტარიას შვილიშვილი იყო.

უნიკალური საგანძურის სამშობლოსათვის გადაცემა მიხეილ და ლია ვოდეებმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტეს და ამისათვის სამშობლოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ერთი წლის წინ და-ძმა ვოდეებმა საქართველოს გამოჩენილი მხატვრის სიმონიკა დადიანის უნიკალური კოლექციაც უსახსოვრეს.

თამარის პორტრეტი შესრულებულია ზეთის საღებავებით და მის მარჯვენა ქვედა კუთხეში ავტორის ხელმოწერაც ჩანს, ინიციალების წაკითხვა პორტეტის სათანადო შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. უნიკალური ხელოვნების ნიმუში უახლოეს მომავალში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს ადგილს.
Print