არჩევნები
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის ორგანიზაცია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბათილი ბიულეტენები ხელახლა არ გადაითვლება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ოპოზიციის წევრმა ანა წითლიძემ უთხრა. მისი თქმით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიას სთხოვეს ბათილი 1500 ბიულეტენის განხილვა, თუმცა ოლქმა საკითხი განუხილველად დატოვა.

„გვაქვს ეჭვი, რომ ამ ბიულეტენების 80% არის ჩვენი და სასამართლოს ვთხოვდით, რომ, ბათილად ეცნო გადაწყვეტილება განუხილველად საჩივრის დატოვების შესახებ, თუმცა, როგორც მოსალონდელი იყო, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სარჩელი არ დააკმაყოფილა. გავასაჩივრებთ სააპელაციოში და ამოვწურავთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს. ეს არის იმის დასტური, რომ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო სამსახური და სასამართლო სახელმწიფოს ინტერესებს კი არა, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება“, - თქვა წითლიძემ.

სასამართლო პროცესი საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. სულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 1 514 ბიულეტენი გაბათილდა.
Print