ახალი ამბები
წერილი, რომელიც დევნილობაში მყოფმა ზვიად გამსახურდიამ "სამეგრელოს აღორძინების ფონდს" გაუგზავნა
სოფელ ანაკლიაში, შელიების სახლში რელიქვიად ინახება ზვიად გამსახურდიას წერილი, რომელიც მან ზუგდიდში, "სამეგრელოს აღორძინების ფონდს" გამოუგზავნა. საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ეს წერილი, გროზნოში დევნილობის დროს დაწერა.

ამის შესახებ აღნიშნული ფონდის მთავარი ბუღალტრის შვილმა დათა შელიამ რადიო "ათინათს" უამბო.

"მოგეხსენებათ, მაშინ რა პერიოდი იყო სამეგრელოში. მხედრიონის თარეშის შემდეგ შეიქმნა ეს ფონდი, რომელსაც ჰყავდა გარკვეული შემომწირველები. მამაჩემი, მიტო შელია მთავარ ბუღალტრად მუშაობდა ამ ფონდში. ეროვნული მთავრობის დამხობა ჩვენს ოჯახსაც შეეხო ბუნებრივია - დავტოვეთ საქართველო მშობლებთან და ჩემს ძმასთან ერთად. მამამ დაცალა ფონდის ოთახი, უკვე შევარდნაძის მთავრობის წარმომადგენლები სთხოვდნენ დაესახელებინა ფონდის შემომწირველები, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. იმ პერიოდში, მძიმე დროს ფონდი გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. სადაც მივდიოდით ეს წერილი ჩვენს ოჯახს თან მიჰქონდა. დიდი პატივია ჩვენთვის, რომ გვაქვს ეს წერილი ",- ამბობს დათა შელია.

ზვიად გამსახურდიას გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "მივესალმები სამეგრელოს რეგიონის აღორძინების ფონდის შექმნას ზუგდიდში. ეს კეთილი წამოწყება უთუოდ დიდი სტიმული იქნება მძიმე ეკონომიკური კრიზისისა და ხუნტის მიერ გაჩაღებული სამოქალაქო ომის პირობებში. მას მხოლოდ ჩვენი კუთხისთვის როდი აქვს მნიშვნელობა, არამედ სრულიად საქართველოსთვის. ყოველი ჭეშმარიტი ქართველის ვალია თავისი წვლილი შეიტანოს ამ ფონდის გაძლიერებაში", - წერს პირველი პრეზიდენტი წერილში, რომელიც 1993 წლის 9 ივნისით არის დათარიღებული.

Print