ახალი ამბები
სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება
საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიციის ჩართვის გადაწყვეტილება შს მინისტრისა და განათლების მინისტრის სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, აღნიშნულ სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე. შეიქმნება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს.

„ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სასკოლო დისციპლინის დაცვის გააქტიურება. სამუშაო ჯგუფი, ასევე, იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ.

Print