ახალი ამბები
მეუფე პეტრე: პრემიერი ფარისეველია, პრეზიდენტი კი უპრინციპო
ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ფარისეველს, პრეზიდენტ მარგველაშვილს კი უპრინციპოს უწოდებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. მან ბოლო დროს საქართველოში მომხდარი მოვლენები გაიხსენა და ისინი ანტისახელმწიფოებრივად შეაფასა.

„პრემიერმა 2016 წლის ბოლოს მესტიაში დაანონსა, რომ 2017 წელი იქნებოდა წარმატებული წელი. ამის შემდეგ დაიწყო ციანიდის საქმე, მერე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რომელიც ასევე არასახელმწფოებრივია, ასევე, მაჩალიკაშვილის საქმე. ეს სამი საკითხიც საკმარისია... და საბოლოო ფარისევლობის გვირგვინი იყო, როდესაც საშობაო ღვთისმსახურებაზე კამერების წინ ეზიარა. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი. საზოგადოება და პოლიტიკოსებიც დავყავი ორ ნაწილად: პრინციპულებად და უპრინციპოებად. პრეზიდენტზე ვერ ვიტყვი, რომ პრინციპულია. მან ციანიდის საქმეზე თავიდან იცოდა, რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე, მერე კი ზეწოლას დაექვემდებარა. ეს უპრინციპობა მის სინდისზე იყოს“, - აღნიშნა მეუფე პეტრემ.

გადაცემაში მან ციანიდის საქმეზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დაკავებული მღვდელი გიორგი მამალაძე უდანაშაულოა.

Print