ახალი ამბები
სად იკრძალება თამბაქოს მოწევა პირველი მაისიდან
2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოწევა რამდენიმე სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, რესტორნებსა და ბარებში აიკრძალება.  "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს დაამტკიცა.

მწეველები თამბაქოს ვეღარ მოწევენ, ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში; საზოგადოებრივ ტრანსპორტში;საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

მოწევა ნებადართული იქნება ტაქსისა და კატერში; ფიზიკური პირის სახლში; სამორინეში; წინასწარი დაკავების იზოლატორში; პენიტენციურ დაწესებულებაში; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; სიგარაბარში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანების შემთხვევაში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოსაწევად გამოყოფილ ადგილას. სტადიონზე, რომელსაც ყავს ადმინისტრაცია (2020 წლამდე).

აღნიშნული აკრძალვის წესების დარღვევის გამო კი პირი სხვადასხვა სანქციით დაჯარიმდება. შენობა-ნაგებობაში ან/და მის კუთვნილ ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის, ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი ორმაგდება; მრავალბინიანი სახლის სადარბაზოში,სახურავსა და ლიფტში პირველ ჯერზე მოწევისთვის ჯარიმა 50 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 100, წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი გაორმაგდება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი ტრანსპორტში მოწევისთვის დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 1000-ით, რაც შეეხება ფიზიკურ პირს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევისთვის ის 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 100 ლარით დაჯარიმდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდელების აზრი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვაზე (ვიდეო)


Print