ახალი ამბები
სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრდება
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეგულაციებს ამკაცრებს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ ექსკურსიებს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა მიენიჭება. ამ კუთხით პროგრამები გაგრძელდება, თუმცა უსაფრთხოების ნორმები მკვეთრად გაძლიერდება.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, სკოლას დაევალება, გადამყვანი კომპანიისგან მოითხოვოს მძღოლის კვალიფიკაციისა და ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, აუცილებელი გახდება სკოლა დაგეგმილ ექსკურსიაზე საქმის კურსში იყოს, ექსკურსია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იქნება ორგანიზებული თუ მშობელთა ინიციატივით, ასევე, სავალდებულო ხდება ჯგუფის შემადგენლობაში სრულწლოვანი პირი შედიოდეს, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი ექნება გავლილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ექსკურსიებთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციები იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ ორგანიზატორი რომელიმე ინსტიტუციაა. თვითორგანიზებულ ექსკურსიებზე არსებული რეგულაცია ამ დრომდე არ ვრცელდებოდა.

Print