ახალი ამბები
შსს: მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელსაც მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენენ. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში.

„დაისჯება მარიხუანის მოხმარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის)“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება. გარდა ამისა, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტი მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოამზადა.

მიმდინარე წლის 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გააუქმა. აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ ლიდერების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.


ამავე თემაზე:

მარიხუანას მოხმარებისთვის ჯარიმა გაუქმდა

Print