ახალი ამბები
50-მდე მეწარმე უკანონო საქმიანობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით 47 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის  პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ბრალდებული სამეწარმეო - კომერციულ საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა, 20 მეწარმე სუბიექტი შესაბამისი ნებართვის გარეშე ორგანიზებას უწევდა აზარტული თამაშებს, 2 ბრალდებული ავტორიზაციის და ლიცენზიის პირობების დარღვევით ახდენდა მედიკამენტების რეალიზაციას, ხოლო 2 მეწარმე ლიცენზირების პირობების დარღვევით მოიპოვებდა ინერტულ მასალებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
Print