ახალი ამბები
სენაკში „ეგრისობა 2018“-ისთვის 30 ათასამდე ლარი გამოიყო
სენაკის მუნიციპალიტეტში „ეგრისობა 2018“ გაიმართება. შესაბამისი ტენდერი სენაკის მერიამ უკვე გამოაცხადა, ღონისძიებებისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარი გამოიყო.

„ეგრისობა 2018“-ის ფარგლებში, 20 ოქტომბერს სხვადასხვა აქტივობა სენაკსა და ნოქალაქევში გაიმართება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამოიფინება ქართული, უკრაინული და ესტონური კუთხეები, სადაც კერძებთან ერთად ტრადიციულ ცეკვებსაც წარმოადგენენ. ამასთან, ნოქალაქევში ეგრისის ისტორიის ფრაგმენტები მუსიკალურად და თეატრალიზებულად გაცოცხლდება, ამავე დღეს უკრაინის ქალაქ ოსტროვიცასთან დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება, დააჯილდოებენ სამ საპატიო სენაკელსაც.

ღონისძიებებზე სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და დამეგობრებული ქალაქებიდანაც ელოდებიან.

„ეგრისობა 2018“ კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება.

ეგრისობის სახალხო დღესასწაული, რომელიც რამდენიმე წლის წინ, აღდგა, ყოველ წელს, შემოდგომაზე იმართება.
Print