ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი და მისი ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანაკლიის პორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძის პროექტია, რაც ასე არ არის. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. თითქოს მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის. სახელმწიფო როდესაც პროექტს ახორციელებს და ჰყავს დაქირავებული, ტენდერში გამარჯვებული ადამიანი, საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს. ამიტომ მე ერთს მეორესთან არ დავაკავშირებდი. სპეკულაციები, რომ კითხვები, რაც მამუკა ხაზარაძის მიმართ ისმის საბანკო საქმიანობის ნაწილში, ანაკლიის პორტს დაუკავშირონ, არის ოპოზიციის მცდელობა, რომ ეს საკუთარ თემად აქციოს. არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს „თიბისი ბანკის“ მიმართ კითხვა არ ისმის, კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე.

„არ მგონია, რომ ბანკისადმი ისმოდეს კითხვა. კითხვა ისმის კონკრეტული ხელმძღვანელების სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე, რომლის მიმღები პირებიც ზრდასრული, კომპეტენტური და საკმაოდ მნიშვნელოვანი წარსულის მქონე ადამიანები არიან, ისინი ალბათ არ იზამენ ისე, რომ თუ მათ შეექმნათ პრობლემა, გადაიყოლონ ინსტიტუტიც, იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. ეროვნული ბანკის მხრიდან ვხედავთ, რომ მისი მიზანი ეს არ არის. პირიქით, ეროვნული ბანკის მიზანია, რომ ყველა საბანკო ინსტიტუტი დაცული იყოს და გამართულად აგრძელებდეს მუშაობას. ამიტომ ბურთიც და მოედანიც მისია, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს, როგორც თავად მოიქცევა, ისე იქნება მისი ბანკიც. ის, რომ კითხვა არ დამისვათ, რადგან დიდი ბანკირი ვარ, მგონია, არასწორია“, – აღნიშნა მან.

ეროვნული ბანკი "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა.

ამავე თემაზე:

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტზე: ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა მწამს, რომ პროექტი შედგება
Print