ახალი ამბები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა კორონავირუსისთვის სოხუმის მზაობა შეაფასეს
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, სოხუმი აცხადებს, რომ მედიკოსები მზად არიან ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების იზოლაციისა და მათი შემდეგი მკურნალობისთვის.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა.  მისი თქმით, დელეგაციის წევრებმა, რომლებიც 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქალაქში, დაათვალიერეს ტუბდისპანსერი, და აღნიშნეს, რომ სამედიცინო დაწესებულება, შეესაბამება მოთხოვნებს და გამოსადეგია ამ ტიპის პაციენტების მისაღებად, წერს "აბხაზია ინფორმი".

აქვე აღინიშნა, რომ ოპერატიული ამოცანების გადასაჭრელად, ლაბორატორიებმა უნდა განახორციელონ რეაგენტების არსებული მარაგის ინვენტარიზაცია. თავის მხრივ, უცხოელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მზად არიან კონსულტაციები გაუწიონ აფხაზ სპეციალისტებს.

სოხუმში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია 18 მარტს ჩავიდა. მათ შორის იყო საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი. მათ ოკუპირებულ აფხაზეთში 600 ლიტრი ანტისეპტიკური სითხე, 500 ლიტრი ანტიბაქტერიული საპონი და პერსონალური მოვლისთვის აუცილებელი 500 კომპლექტი ჩაიტანეს.


Print