ახალი ამბები
გიორგი გახარია: სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო გადაადგილება არ იზღუდება. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ უფრო მკაცრ ზომებს მთავრობა იმ შემთვევაში მიიღებს, თუ ქალაქებში ან საქალაქთაშორისო მიმოსვლა არ შემცირდება. მისი თქმით, მთავრობას აქვს მოქალაქეების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედი და ამ ეტაპზე, პირველ რიგში საცალო მოხმარების ბიზნესის ნაწილის შეზღუდვა იგეგმება.

"პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ უნდა დავრჩეთ სახლში და ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოების ნორმები. ეს ზომები არ არის გადამეტებული ნაბიჯები, პირიქით, ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონიმიკის შემდგომი აღდგენის პოტენციალს შორის, მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ ჯანმრთელობა ნომერი ერთი პრიორიტეტია. ჩვენ თუ დავინახეთ, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ან ცალკე აღებული რომელიმე კომპანიის არ შეესაბამება პრევენციის, ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის იმ სტანდარტს, რა თქმა უნდა, ჩვენი ზომები იქნება კიდევ უფრო მკაცრი", - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.


Print