ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან სამედიცინო აღჭურვილობა გააგზავნეს

ფონდმა "მოძრაობა მომავლისთვის" ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა. ფონდმა სამედიცინო დაწესებულებას

2 ცალი პულქსოსიმეტრი, 70-მდე ყუთი ერთჯერადი ხელთათმანი, 500 ცალი თეთრეულის ნაკრები და 400 ცალი ხალათი გადასცა.

„ჩვენამდე მოდიოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, და ეს ალბათ ადრე თუ გვიან მაინც მოხდება, გალის საავადმყოფოს არა აქვს შესაბამისი აღჭურვილობა. ეს არის ტვირთის პირველი პარტია, რომელიც წავა გალში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და სოხუმშიც გავაგზავნით ტვირთს, აფხაზებთან. ამ ყველაფრის გაკეთებაში კერძო პირები, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე დაგვეხმარა“, - თქვა მოძრაობის წარმომადგენელმა და კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად 25 მარტიდან 7 აპრილამდე იკრძალება მასობრივი, მათ შორის საზეიმო ღონისძიებების, ქორწილების, ექსკურსიების ჩატარება, დროებით დაიხურება სპორტული და ფიტნეს დარბაზები, სალონები, გაგრძელდება არდადაგები სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. ასევე, შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 

 

Print