ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურში სენაკიდან ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ, გვიან ღამით ახალგაზრდა ქალი გადაიყვანეს. მას ცხელება და ხველა აქვს. საავადმყოფოს ინფექციონისტის ლალი დარახველიძის ინფორმაციით, პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობს და დღის განმავლობაში გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა მისი ანალიზები შემდგომი კვლევისთვის.

"სენაკიდან შემოსული ახალგაზრდა გოგო დაკვირვების ქვეშაა. მას აღენიშნება ცხელება და ხველა, შესაბამისად განიხილება საკითხი მასალასთან ლაბორატორიაში გაგზავნასთან დაკავშირებით. მოგზაურობის ისტორია არ აქვს, თუმცა როგორც თვითონ ამბობს მაღაზიაში მუშაობს და აქვს კონტაქტი უცხო პირებთან", - თქვა დარახველიძემ.

მისივე თქმით ის ოჯახი, რომლის წევრებსაც ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. რაც შეეხება 67 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი აქვს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
Print