ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურში ორი პირი კორონავირუსის ნიშნებით მოათავსეს​
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ხველებისა და ცხელების სიმპტომებით მოათავსეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საავადმყოფოს პრესსამსახურში უთხრეს. ამავე ცნობით, ერთი მათგანი სოფელ ახალკახათიდან სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ შეიყვანა, ხოლო მეორე ინფექციურში თვითონ მივიდა. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში არიან. მათ შესაბამისი კვლევები უტარდებათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. საავადმყოფოში არ გამორიცხავენ, რომ მათი ბიოლოგიური მასალები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნოს.

ინფექციურში ამ დროისთვის მკურნალობას კიდევ ორი პაციენტი აგრძელებს. აქედან ერთს 25 მარტს კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს ხველების და ცხელების სიმპტომები აღენიშნება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 409 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით განახლებული მონაცემებით ზედამხედველობა 180 პირს მოეხსნა, საკარანტინო სივრცეებში კი 109 მოქალაქეა მოთავსებული. 

დღეის მონაცემით, რეგიონში სულ 5 საკარანტინე სივრცეა მოწყობილი. მათ შორის 3 ანაკლიაში და 2 მესტიაში.
Print