ახალი ამბები
სოხუმი: საკოორდინაციო შტაბი საბერიოდან ზუგდიდში გადაყვანილი პაციენტის კონტაქტებს იკვლევს
მას შემდეგ რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადაყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, ოკუპირებულ  აფხაზეთში შექმნილი ოპერატიული შტაბი მის კონტაქტებს იკვლევს, წერს "აფსადგილ ინფო".

შეტყობინებაში, რომელსაც კოვიდ – 19 - გან მოსახლეობის დასაცავად შექმნილი შტაბი ავრცელებს, ნათქვამია, რომ მოქალაქე, მოსკოვიდან სოჭის აეროპორტში 29 მარტს, 10:50 საათზე ჩავიდა "ურალის ავიახაზების" თვითმფრინავით.

შტაბი მოუწოდებს ყველას, ვინც აღნიშნული რეისით იმგზავრა, დარჩეს თვითიზოლაციაში და ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას.

ამავე ცნობით, დადგენილია 50 წლამდე ქალის გადაადგილების მარშრუტი ფსოუდან საბერიომდე და იმ ადამიანების წრე, ვისთანაც მას ამ დროის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი. შტაბის ინფორმაციით, ყველა მათგანი თვითიზოლაციის რეჟიმზეა გადაყვანილი და კონტროლის ქვეშ იმყოფება. გავრცელებული შეტყობინების თანახმად, 50 წლამდე ქალი არ დასწრებია ხალხმრავალ თავყრილობებს და "იმავე დღის საღამოს საატებში გადაკვეთა საბერიოს გამშვები პუნქტი და გადავიდა ზუგდიდში".

გამოცემის ცნობით, დეზინფექცია ჩაუტარდა ფსოუსა და საბერიოს გამშვებ პუნქტებს. გარდა ამისა, ძალოვანმა სტრუქტურებმა ჩაკეტეს საბერიოდან გალის რაიონში გადასასვლელი, ასევე "მილიციის კორდონი" აღიმართა გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის.

29 მარტს გალის რაიონის ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. შესაბამის განკარგულებას რაიონის ადმინისტრაციის" ხელმძღვანელმა ომარ ბგანბამ მოაწერა ხელი. გადაწყვეტილება კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. კომენდანტის საათი გალის რაიონში 00.00 - დან 06.00 საათამდე მოქმედებს.

სოხუმმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. აღნიშნული შეზღუდვები 20 აპრილამდე მოქმედებს.


Print