ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოს კიდევ 2 პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ინფექციურის ლაბორატორიაში დღის განმავლობაში სულ 116 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის არიან რეგიონის მასშტაბით არსებული ცხელების ცენტრების პაციენტები, მედპერსონალი, ფოთის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები. ყველა მათგანის ანალიზის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია.

ამავე ცნობით, რუხის კლინიკას კიდევ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს. ერთი მათგანი თეთრიწყაროს კლასტერის წევრია, მეორეს კი თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში 18 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

"18 პაციენტიდან 9 არის კოვიდ-ინფიცირებული, აქედან 6 მოზარდია. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია, აგრძელებენ მკურნალობას და იმედი გვაქვს მომდევნო დღეებში კიდევ გვეყოლება რამდენიმე გამოჯანმრთელებული", - უთხრა მან რადიო "ათინათს"

სპეციალური ვებგვერდის stopcov.ge ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 757 შემთხვევა არის დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 600 ადამიანი, გარდაცვლილი კი 12.


Print