ახალი ამბები
რუხის კლინიკაში 2 მოზარდი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ინფექციურის ლაბორატორიაში დღის განმავლობაში 78 პირის ბიოლოგიური
მასალა გაიტესტა. გამოკვლეულთა შორის არიან ცხელების ცენტრების პაციენტები, მედიკოსები, ასევე კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები. ამავე ცნობით, 77 ანალიზის პასუხი covid 19-ზე უარყოფითია, ხოლო ერთი წუნდებულია და განმეორებითაა ასაღები.

დღეს ჩატარებული კვლევებით რუხის საავადმყოფოს კიდევ 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ორივე მათგანი მოზარდია და ტრაილერის მძღოლის კლასტერს განეკუთვნება.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის განმარტებით, ამ ეტაპზე რუხის მულტიპროფილურ კლინიკაში 7 კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 4 მოზარდია. მისივე თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 

"გამოჯანმრთელებული პაციენტები ხვალ გაეწერებიან, ამ ეტაპზე სულ 18 პაციენტი რჩება კლინიკაში, მათგან 7 კოვიდ-დადებითი", - გვითხრა მან. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი ხუთით გაიზარდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ით ინფიცირების 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 605-ს შეადგენს.

Print