რეგიონი
ზუგდიდში სპექტაკლი "თორმეტი განრისხებული მამაკაცი" გაიმართა (ვიდეო)

კომბინატში,კულტურის ცენტრში "ოდიში" შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით - "თორმეტი განრისხებული მამაკაცი" წარსდგა.

სცენარის მიხედვით, 12 განრისხებული მამაკაცი - იგივე 12 ნაფიცი მსაჯულია. ისინი არკვევენ დამნაშავეა თუ არა 18 წლის ბიჭი, რომელსაც ბრალად ედება საკუთარი მამის მკვლელობა.

მოქმედება ნაფიც მსაჯულთა ოთახში ვითარდება. ჯგუფში მე-8 მსაჯული არგუმენტების მოყვანითა და საკუთარ პოზიციაზე მტკიცედ დგომით ცდილობს უმრავლესობა, ბიჭის უდანაშაულობაში დაარწმუნოს. მას საკუთარი მსჯელობისა და თანმიმდევრულობის წყალობით, მხარდამჭერები ნელ-ნელა ემატება და მისი გავლენის სფერო იზრდება.

სპექტაკლში, რომელიც რეჟისორმა რობერტ სტურუამ დადგა, მურმან ჯინორია, ლევან ხურცია, დათო დარჩია, ტრისტან სარალიძე,რევაზ ჩხეიძე, ბაჩო ჩაჩიბაია, ირაკლი მაჭარაშვილი, ზურა ინგოროყვა, თემიკო ჭიჭინაძე, დავით კვარაცხელია, სოსო აბრამიშვილი და ვანო გოგიტიძე მონაწილეობდნენ.

წარმოდგენის დასასრულს კი მსახიობებმა ზუგდიდში თეატრის აუცილებლობაზე ისაუბრეს. უფრო მეტიც, დღევანდელი სპექტაკლიდან შემოსული თანხის ნაწილი, რომელიც რუსთაველის თეატრისთვის იყო განკუთვნილი (3000 ლარი) შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის აღდგენას მოხმარდება.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის" ორგანიზებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.




Print