რეგიონი
გამჭვირვალობა: თვითმმართველობისთვის მიწების გადაცემის პროცესი ფერხდება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, სამინისტროებმა, რომელთაც 2017 წლის პირველ იანვრამდე უნდა გამოექვეყნებინათ მუნიციპალიტეტებისთვის მიწების გადაცემის ვადების ამსახველი წესი, ვალდებულება არ შეასრულეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროებს ჰქონდათ სამწლიანი „გონივრული“ ვადა, რათა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები შეესრულებინათ.

ერთმნიშვნელოვნად ფერხდება ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფისკალური და ეკონომიკური რესურსების, მათ შორის ქონების გადაცემას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გამჭვირვალობის ცნობით, მათ საქართველოს იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა დაფინანსთა სამინისტროებს წერილობით მიმართეს, თუმცა მათგან პროცესის გაჭიანურების კონკრეტული მიზეზი ვერ მიიღეს.

ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, უახლოეს პერიოდში შეიმუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი გრაფიკი და წესი და ასევე დაიწყონ მიწების გადაცემის პროცესი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ მიწების გადაცემა თვითმმართველობების ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და მათი დამოუკიდებლობის დონეს გაზრდის.


Print