რეგიონი
გერმანული „Voice”-ის გამარჯვებული აფხაზეთზე კლიპს იღებს
ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს, აფხაზეთზე სიმღერა ჩაწერა. სიმღერის, სახელწოდებით „ფრთამოტეხილი მაფშალია“ ტექსტის ავტორი მამა პეტრე კოლხია, მუსიკა კი დათო არჩვაძემ დაწერა. ნათიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ კლიპს ანაკლიაში, განმუხურში, ენგურის ხიდსა და სოფელ შამგონაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან იღებდნენ.

„თავიდანვე რომ წავიკითხე სიმღერის ტექსტი, იმდენად ემოციური იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც, ისეთი ახლო იყო ეს ისტორია ჩვენთვის, რომ დაუფიქრებლად ჩავწერე. კლიპსაც იქ ვიღებდით, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული და ყველაფერი თვალწინ მედგა“, - თქვა ნათიამ თოდუამ.

თავად მომღერალი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდანაა, სადაც 2013 წლამდე ცხოვრობდა. გვიყვება, რომ სიმღერა იმ ადამიანურ ურთიერთობებზეა, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია, დაიკარგა.

„ჩვენ ამ სიმღერით მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს ყველაფერი გამოსულიყო ისეთი, რომ სათქმელი გაეგვეგო ჩვენც და ენგურს გაღმა მცხოვრებ აფხაზებსაც. ეს ტკივილი და დარდი მათაც ეძღვნებათ. “, - გვითხრა მომღერალმა.

alt

სიმღერის პრემიერა დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის უნივერსიტეტში გაიმართება, კლიპის კი - 30 სექტემბერს. ნათია ამბობს, რომ ეს  თარიღი - სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავი სპეციალურად შეირჩა.

„იდეაც აქედან წამოვიდა, რომ ეს თემა არ მინელდეს და ახსოვდეს ყველას, რომ იმედი არ დავკარგოთ. ამისთვის კი მოქმედებაა საჭირო. ეს არის ის წვლილი, რაც ხელოვნების კუთხით შეგვეძლო ჩაგვედო, ამ ეტაპზე რაც იყო შესაძლებელი, მაქსიმალური გავაკეთეთ“, - ამბობს მომღერალი.

გერმანული Voice-ის ქართველი გამარჯვებული სამშობლოს რამდენიმე დღეში დატოვებს.
Print