რეგიონი
სამეგრელოში საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულები არიან: ნ.გ. და წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი შ.ქ. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „კო-44“-ის სისტემის კარაბინი, 3 მჭიდი და 110 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
Print
თეგები: შსს / ფოთი / იარაღი /