რეგიონი
სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყება პირველ აპრილამდე გადაიდო
კორონავირუსთან დაკავშირებით, სასწავლო დაწესებულებებში არდადაგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

''საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, პირველ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება'' - წერია განცხადებაში.

სასწავლო პროცესი დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 2 მარტს შეწყდა.

ამ დროისთვის, ახალი ვირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. კარანტინში რჩება 126 ადამიანი, ხოლო მეთვალყურეობის ქვეშ 46 პირი. ხოლო თვითიზოლაციაში კი ათეულობით ადამიანი იმყოფება.

Print