კულტურა
"შეცვალე ხედვა" - მშვიდობიანი აქცია მიწისქვეშა გადასასვლელთან (ვიდეო)

ზუგდიდში ასოციაცია "დეას" ახალგაზრდული კლუბის წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქცია - "შეცვალე ხედვა" გამართეს. მათ მიწისქვეშა გადასასვლელის კედლებზე სხვადასხვა შინაარსის პლაკატები გააკრეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი შესაძლებლობების თანასწორობას და თითოეული მოქალაქის უფლებების თანაბრად დაცვას ითხოვენ.

მანამდე ასოციაციაში აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გაიმართა. "დეას"პროექტების კოორდინატორის ივეტა წითაშვილის განცხადებით, თვითმმართველობამ 2015-16 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ადაპტირებული გარემოს შექმნას ითვალისწინებდა, არაჯეროვნად შეასრულა.

"განსაკუთრებით ყურადღება მინდა გავამახვილო მიწისქვეშა გადასასვლელზე, სადაც თითქოს პანდუსი მოაწყვეს. იქ ეტლით მოსარგებლისთვის გადაადგილება შეუძლებელია. ეს თანხა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაიხარჯა წყალში გადაყრილია. ამ ადგილას ეტლისთვის გზა ტროტუარზე უნდა მოწყობილიყო.", - თქვა მან.

ზუგდიდის მერის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ გადასასვლელზე ლიფტები უნდა დამონტაჟდეს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად თანხის მოძიება მიმდინარეობს.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ იქ ეტლით მოსარგებლე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და საჭიროა ლიფტების მოწყობა, რომლისთვის იმ პერიოდში თანხის მოძიება ვერ მოხერხდა, საჭირო იყო 120 ათასი ლარი. თუმცა, იმ რელსებით, რაც მოწყობილია, იყენებენ საბავშვო ეტლებისა და ურიკების გადაადგილებისთვის. ამ ეტაპზე თანხის მოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და მე მინდა დავპირდე მოქალაქეებს, რომ იქ ლიფტი აუცილებლად მოეწყობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკატერინე თოდუამ.

Print