კულტურა
ზუგდიდში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება
7 ივნიის ზუგდიდის ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში მოხალისეობის ფორუმი ჩატარდება. მისი მიზანია ამ ინსტიტუტის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ფორუმი ერთმანეთთან დააკავშირებს მათ, ვინც ეძებს მოხალისეებს და მათ, ვისაც მოხალისეობა სურს.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 30-მდე ორგანიზაცია, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმართველობის, ბიზნესისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები.

მოხალისეობის ფორუმი ორგანიზებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის მიერ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით და ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და კავშირების განმტკიცებას სხვა აქტორებთან.

45 თვის განმავლობაში "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა"ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.



Print