საზოგადოება
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური მცირდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდება. შემცირებული საფასურის გადახდა მოქალაქეს 24 თვის განმავლობაში შეეძლება. ცვლილებათა პაკეტი მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე შევა ძალაში. სემეკის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ შესატანი ცვლილებათა პაკეტი გამანაწილებელ კომპანიებს დაავალდებულებს ზედმიწევნით დაიცვან მომხმარებელთა უფლებები და ახალი მომხმარებლის გაანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში ხარისხიანად აწარმოონ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მხრიდან მოხდება ვადების დარღვევა და ახალი აბონენტის ქსელზე მიერთება კანონით განსაზღვრულ ვადებს გადაცდება, მომხმარებელი მიერთების საფასურის 50%–ის გადახდისგან გათავისუფლდება. სემეკის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის უფლებების განუხრელ დაცვას ისახავს მიზნად. ცვლილებების მიხედვით, გაუმჯობესდება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური სამუშაოების ხარისხი და მის მოვლა–პატრონობაზე სრული პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.
Print