საზოგადოება
მესტიაში საერთაშორისო კონფერენცია "მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება" გაიმართება
24-26 სექტემბერს მესტიაში საერთაშორისო კონფერენცია "მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება" გაიმართება. საერთაშორისო კონფერენცია "მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება" 24-26 სექტემბერს მესტიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. ღონისძიება მიზნად ისახავს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას საქართველოში და ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების სტრატეგიების ჰარმონიზაციას, აგრეთვე მემკვიდრეობის როლის წარმოჩენას ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესში", - აცხადებენ კულტურის სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი სტუმარია რესტავრაციისა და კონსერვაციის ცენტრის - იკრომის (ICCROM) გენერალური დირექტორი სტეფანო დე კარო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის - იუნესკოს (UNESCO), რესტავრაციისა და კონსერვაციის ცენტრის - იკრომის (ICCROM), ძეგლთა დაცვისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს - იკომოსისა (ICOMOS ) და ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN)-ის ხელმძღვანელი პირები და რეგიონალური წარმომადგენლები, ასევე ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. საერთაშორისო კონფერენციას ოფიციალურად გახსნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი მესტიაში, სვანეთის მუზეუმში საერთაშორისო კონფერენციას "მსოფლიო მემკვიდრეობა და მდგრადი განვითარება" დაესწრება შეხვედრაზე განიხილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა, მის წინაშე არსებული გამოწვევები და მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი ძეგლების მართვისა და განვითარების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, გამოცდილება და მაგალითები. სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება მსოფლიო მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა და კანონპროექტი მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს უწყებრივი თანამშრომლობის მყარი საფუძველი გახდება მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის ფარგლებში. შეხვედრაზე იმსჯელებენ ზემო სვანეთის კულტურული ლანდშაფტის განვითარების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების მონაწილე მხარეები უშუალოდ გაეცნობიან ზემო სვანეთის განვითარებისთვის განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, მათ შორის, სვანეთის არამატერიალური მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის შედეგებს. დარგის სპეციალისტები სპეციალურ მოხსენებას წაიკითხავენ სვანური ფერწერის სკოლისა და ზემო სვანეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების მნიშვნელობაზე.
Print