საზოგადოება
პრეზიდენტის ინიციატივით საახალწლოდ დახმარება 1530-მა ადამიანმა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად  „კათარზისს" ეწვია, სადაც თავშესაფარში მცხოვრები  ხანდაზმულები მოინახულა. მოხუცებმა პრეზიდენტისგან საახალწლო საჩუქრის სახით ფულადი დახმარებაც მიიღეს.

ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა, რომელიც ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით გადანაწილდა ხანდაზმულებზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, ოჯახურ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვებზე.

დახმარება მიიღეს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოხუცებულთა თავშესაფრების მცხოვრებლებმა, ბერი ანდრიას ფონდის სიმსივნით დაავადებული ბავშვების თავშესაფრმა და საპატრიარქოს მეფე თამარის პანსიონმა.

ქვეყნის პირველი პირი სულ 1530 ადამიანს დაეხმარა, რომელთაგან 411 მოხუცებული და შშმ პირია,  349 მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი, 424  ოჯახთან რეინტეგრაციის პროცესში და 206 ნათესაობით მინდობით აღზრდაში მყოფი პირი, ასევე 31 ბავშვი ბერი ანდრიას თავშესაფარში და 109 ბავშვი სკოლა-პანსიონში. თითოეულ ადამიანზე გამოიყო 700 ლარი, რომელიც უმეტესობას პირად ანგარიშზე ჩაერიცხება სოციალური სააგენტოს მეშვეობით, ხოლო საოჯახო ტიპის სახლების, ანდრიას ფონდისა და მეფე თამარის პანსიონის აღსაზრდელებისათვის თანხები ჩაერიხებათ დაწესებულებებს, რომლებიც შემდგომში ამ თანხებს ბავშვებს გაუნაწილებენ.

ჯამური დახმარება შეადგენს 973 000 ლარს სოციალური სააგენტოს ხაზით და 98 000 ლარის საპატრიარქოს ხაზით.

Print