საზოგადოება
სახალხო დამცველი: "ყვარლის მოსახლეობის ნაწილი ადასტურებს გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკის არსებობას"
საქართველოს სახალხო დამცველმა ყვარლის მუნიციპალიტეტში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევები შეისწავლა. აპარატის ინფორმაციით, 2016 წლის 24–25 ოქტომბერსა და 9 ნოემბერს ისინი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, სკოლის მასწავლებლებს, გამგებლის რწმუნებულის თანამშრომლებს, შსს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსს და თელავში მდებარე ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მორიგე ექიმ–გინეკოლოგს.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ დაადასტურა ამგვარი პრაქტიკის არსებობა, რომელსაც „ნათლობას“ უწოდებენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გოგონების წინდაცვეთის დროს ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში. ამასთან, მოწოდებული ინფორმაციით, ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში სავარაუდოდ სრულადაა გავრცელებული, ხოლო ორ სოფელში მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მიერ ხორციელდება. 

მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ: "საქართველომ 2014 წელს ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“ ,სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა - როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება იქნას კრიმინალიზებული (მუხლი 38). სამწუხაროდ, ამ დრომდე კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა".

საქართველოს სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეაგირებას, ამასთან გააგრძელებს მუშაობას მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

ამავე თემაზე:

IWRP–ს კვლევა: "საქართველოში მცხოვრებ ასობით ავარ გოგონას წინდაცვეთას აიძულებენ"
Print