საზოგადოება
ამბროლაურის აეროპორტი დღეს პირველ თვითმფრინავს მიიღებს
ამბროლაურში აეროპორტი იხსნება, რომლის მშენებლობა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახალი აეროპორტი 16:00 საათზე პირველ თვითმფრინავს მიიღებს, რომლის მგზავრი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაური 18:00 საათზე, ამბროლაურის აეროპორტის თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალ სამგზავრო ტერმინალს გახსნის, რომელიც ასევე უმოკლეს დროში აშენდა.

ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის - 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთნაკადის ზრდის შემთხვევაში - ტერმინალის გაფართოებაც.

"საქართველოს მასშტაბით, რეგიონული აეროპორტების მშენებლობა, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის, ყველაზე მოცულობითი - სივრცითი მოწყობის კომპონენტის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მთავრობა, ამ მიმართულებით, მუშაობას განაგრძობს",- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.


Print