საზოგადოება
ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას კენჭს დღეს უყრის
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრამდე პოლიტიკური დებატები გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 12:00 საათისთვის დაიწყება. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი კოლეგებისგან მხარდაჭერას ელოდება. 

"ჩემი, როგორც მომხსენებლის მიზანია მოვიპოვო ხელმოწერა 1-ელ ან 2 მარტს. შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების გამოქვეყნება ოფიციალურ ჟურნალში, რაც შეიძლება სწრაფად , 10 მარტამდე. ამის შემდეგ მხოლოდ 20 დღე მოგვიწევს ლოდინი უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლამდე. თუმცა განვაგრძობ მოთხოვნას, რომ ეს მოხდეს მარტის ბოლომდე," - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ გამგზავრება მარტის ბოლოდან შეეძლებათ. კენჭისყრის პროცესს ევროპარლამენტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც დაესწრება .
Print