საზოგადოება
პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა
მსოფლიო პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი 1990 წელს ჩაეყარა. ამ წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.

გაეროს პრინციპია ხანშიშესული ადამიანების ცხოვრება სრულყოფილი გახადოს და ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, ხანდაზმულები, როცა შესაძლებელი იქნება, ეროვნულ პროგრამებში ჩართონ.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერების მიერ დადგენილია 10 ფაქტი სიბერისა და სიცოცხლის ციკლის შესახებ. ხანგრძლივი სიცოცხლე კარგი ჯანმრთელობის მაჩვენებელია. მოსახლეობის დაბერება კი, მთელ მსოფლიოში, ჯანმრთელობის გაუმჯობესების მანიშნებელია.

არსებული მონაცემებით, მსოფლიოში აღირიცხება 650 მლნ ხანდაზმული ანუ, 60 წელს გადაცილებული ადამიანი. მეცნიერების ვარაუდით კი, 2050 წლისათვის ხანდაზმულთა რაოდენობა 2 მლრდ-ს მიაღწევს.


რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანამ ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ 1 ოქტომბერი, საქართველოს პრეზიდენტის N#467 ბრძანებულების თანახმად, 2003 წლის 27 სექტემბერს გამოაცხადა.

ხანდაზმულები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. კერძოდ, ხანდაზმულებად ითვლებიან 60-74 წლისანი, მოხუცებად – 75-89 წლისანი, ხოლო დღეგრძელებად 90 წელს გადაცილებულები. 2007 წელს, საქართველოში ხანდაზმული მოსახლეობა 19,6%-ს შეადგენდა, ხოლო, მეცნიერთა ვარაუდით, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 30%-იან ზღვარს მიაღწევს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებულია ხუთასამდე ადამიანი, რომელთა ასაკი 100 წელს შეადგენს.
Print