საზოგადოება
ამერიკელი სპეციალისტი ფაროსანას შესახებ: საქართველოს ხელისუფლება მდგომარეობას აკონტროლებს
აზიური ფაროსანას საკითხზე სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით, „აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) – გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები“ ექსპო-ჯორჯიაში იმართება. მასში მონაწილეობას აშშ-ს უნივერსიტეტებისა და კვლევით ცენტრების მეცნიერები, სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იღებენ. როგორც შეხვედრაზე ამერიკული კომპანია Trece-ის აღმასრულებელი დირექტორმა ბილ ლინგრენმა თქვა, საქართველოში ფაროსანას გავრცელების მასშტაბები ძალიან დიდი იყო, მაგრამ ხელისუფლება მდგომარეობას აკონტროლებს.




“ამერიკაში უკვე 12 წელია ვებრძვით აზიურ ფაროსანას. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ კრიზისი წლების განმავლობაში ვითარდებოდა. მიმდინარეობდა სამეცნიერო კვლევითი მუშაობა. ჩვენ შევიმუშავეთ ფერომონების სისტემა, რომლითაც ხდება დამჭერების გამოყენება, მაგრამ სანამ ფერომონებს ვიპოვიდით, რომელი იყო მისადაგებული აზიურ ფაროსანაზე, მანამდე ხდებოდა შეწამვლა. თავიდან წელიწადში დაახლოებით 15-20 წელიწადში ვწამლავდით. ეს არ იყო აუცილებელი, მაგრამ რადგან შეშინებული ვიყავით, შეწამვლა ხდებოდა მასობრივად - ყველა ვენახის და ყველა ბაღის. შემდეგ დაკვირვების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შეიძლება ინტეგრირებული მართვის სისტემების გამოყენება. შეწამვლა არის ერთ-ერთი მექანიზმი. მეორე პარაზიტი - ბუნებრივი მტერი, რომელიც ებრძვის აზიურ ფაროსანას. ვიფიქრეთ, ასეთი ბუნებრივი მტერი შემოგვეყვანა ამერიკაში, მაგრამ სანამ ჩვენ ვიპოვიდით რომელი იქნებოდა საუკეთესო, თავისით შემოფრინდა, გამრავლდა და ებრძვის ფაროსანას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მონიტორინგს. მონიტორინგის ფარგლებში ფერომონიზებული დამჭერები, რომელსაც ხალხში შეცდომით ხაფანგებს უწოდებენ, გამოიყენება ბაღებში. აზიური ფაროსანა არ ბუდობს ვენახებში და იმ კულტურებში, სადაც მეურნეობა წარმოებს. ის ბუდობს ველურ ბუნებაში და იქიდან ხდება შემოსევა. რომ ვიცოდეთ, რამდენი შემოესია ჩვენს ბაღს და ხეხილის, უნდა გვქონდეს დამჭერები. ფერომონი იზიდავს ფაროსანას და ის ხვდება წებოვან დამჭერზე. ასე ჩვენ შეგვიძლია დავითვალოთ, რამდენი ფაროსანაა ჩვენს ბაღში და ვენახში ფაროსანა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა შეწამვლა“, - აღნიშნა ლინგრენმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით, სახელმწიფო თითოეულ მოქალაქესთან ერთად შესაბამის პასუხს გასცემს იმ გამოწვევას, რომელსაც აზიური ფაროსანა ჰქვია.


„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სამუშაოები ამ სპეციალისტების მიერ შეფასებული იქნა, როგორც უმაღლესი ხარისხის. ეს ჩვენ გვიმტკიცებს რწმენას, რომ სწორი გზით მივდივართ და 2018 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისია. რაც შეეხება ძირითად ღონისძიებებს, ეს გახლავთ პირველ რიგში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, საქართველოს მასშტაბით თანამედროვე მონიტორინგის სისტემის არსებობა, ქიმიური ღონისძიებები და კიდევ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი -სამეცნიერო კვლევები, მათ შორის, ბიოლოგიურ ანტაგონისტზე“, – აღნიშნა ჩეკურაშვილმა.

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს აშშ-სა და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარებას აზიური ფაროსანას მონიტორინგის, მართვისა და კონტროლის სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის, მოსაზრებების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით.






Print