რუბრიკები
ჰიუ გრანტი რომანტიკულ ფილმში
ჰიუ გრანტს რომ რომანტიკულ ფილმებში თამაში განსაკუთრებულად კარგად გამოსდის, ამაზე აღარ კამათობენ. ისიც არ ჩერდება და მაყურებელს კიდევ ერთი პერსონაჟის სახით უბრუნდება! “The Rewrite” – ასე ჰქვია მარკ ლოურენსის ახალ ნამუშევარს, რომელშიც, გარდა ჰიუ გრანტისა, მთავარ როლებს ასრულებენ: ელისონ ჯენი, ჯ.ქ. საიმონსი და ქრის ელიოტი. სცენარი შემდეგნაირად ვითარდება: ერთ დროს ძალიან წარმატებული და ოქროს გლობუსის მფლობელი სცენარისტი კეითი (ჰიუ გრანტი) კმაყოფილი იყო თავისი ცხოვრებით. მის სახელს რამდენიმე კინოჰიტი უკავშირდებოდა, ჰყავდა ლამაზი მეუღლე და ჰქონდა ყველა პირობა იმისათვის, რომ ბედნიერებით დამტკბარიყო. თუმცა, ეს 15 წლის წინ ხდებოდა. ამჟამად ის გაყრილი, გაკოტრებული და 50-ს მიახლოებული სცენარისტია, რომელსაც დიდი ხანია, აღარაფერი დაუწერია. მოულოდნელად მისთვის ახალი სამსახური ჩნდება – ბინგჰემტონის უნივერსიტეტი ეძებს ადამიანს, რომელიც სტუდენტებს სცენარის წერას ასწავლის. კეითი, რომელსაც ერთი თეთრიც აღარ აქვს დარჩენილი, იძულებულია შემოთავაზებას დათანხმდეს და ლექტორობა დაიწყოს. ის იმედოვნებს, რომ ვალდებულებებისგან თავს ადვილად დააღწევს და ახალი სცენარის დაწერაზე კონცენტრირდება, თუმცა მალე მის დამოკიდებულებას მთლიანად ცვლის ჰოლი – მარტოხელა დედა, რომელიც ორ ადგილას მუშაობს შესაბამისი ხარისხის მოსაპოვებლად. ორივე პერსონაჟს ერთი რამ აერთიანებს – ახალი შანსის გამოყენების წყურვილი. Lionsgate-ი ფილმის პრემიერას 8 ოქტომბერს გეგმავს. “The Rewrite”-ს თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში უჩვენებენ.
Print