რუბრიკები
ჩხოროწყუში ლევან იზორიას მორიგი ბრალდებები წაუყენეს
კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს რაიონულ ორგანიზაციაში რაიონის საკრებულოს კოალიციის წევრმა დეპუტატებმა მორიგი ბრიფინგი გამართეს, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ნეპოტიზმში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ მინისტრის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკას განაგებს. „საკრებულოში შეიქმნა სპეცილურად შოთა ქვარცხავასთვის განყოფილება. ქვარცხავა საინიციატივო ჯგუფის შტაბის უფროსი იყო, რომელიც არჩევნების პერიოდში მმართველ გუნდს ხელს უშლიდა. არის ვიდეოც, სადაც ის კოალიცია „ქართული ოცნების“ სამეგრელოს რეგიონულ კოორდინატორ გაიოზ მონიავას აგინებს. ყველა დანიშნვაში პირდაპირ ერევა ლევან იზორია“, - აცხადებენ კოალიციაში და ცენტრალურ ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებენ. დეპუტატების ბრალდებებს უპასუხა დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, რომელმაც მათი ბრალდებები უარყო და მოუწოდა მათ  საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა მიიღონ. „თუ რამე პრეტენზიები გააჩნიათ, ეს საკრებულოში უნდა გადაწყდეს. ისინი საბოტაჟზე მიდიან, არ ესწრებიან სხდომებს. ბრალდებების მაგივრად იმაზე აგონ  პასუხი, რომ რაიონის 13 მაჟორიტარული ოლქიდან უმრავლესობაში არჩევნები წააგეს“, - აცხადებს  ბესიკ ესებუა.
Print