რუბრიკები
ზუგდიდის მერიამ ორი თვის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა ორი თვის მუშაობის ანგარიში ჟურნალისტებს წარუდგინეს. ქალაქის მერის ირაკლი გოგოხიას თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ რას აკეთებს ამჟამად მერია და რა ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელებას გეგმავს მომავალში. „იმედია საზოგადოების სურვილებს მალე განვახორციელებთ. ქალაქის მოსახლეობა ძალიან მალე იგრძნობს, რომ მერიას სტკივა ის პრობლემები, რომელიც ქალაქს აწუხებს. ყველა პრობლემა ერთბაშად ვერ მოგვარდება, თუმცა მაქსიმალურად ვართ მობილიზებული პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, – თქვა ირაკლი გოგოხიამ. ზუგდიდის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის უფროსის თამარ სოსელიას თქმით, მერია ამჟამად 13 სოციალურ პროგრამას ახორციელებს, მათ შორის უფასო სასადილოების მოწყობა, უსახლკაროთა ბინით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველების ერთჯერადი დახმარება და სხვ. მისივე თქმით, მერია მომავალი წლიდან გეგმავს გაზარდოს სოციალურ პროგრამათა რაოდენობა. თამარ სოსელიას განმარტებით, მერიის სოციალურ სამსახურში ორი თვის განმავლობაში, მოქლაქეების 80-მდე განცხადება შევიდა. განმცხადებელთა უმრავლესობა ბინით უზრუნველყოფას, სოციალურ სააგენტოსთან შუამდგომლობას, უფასო სასადილოში რეგისტრაციას, სახლების შეკეთებას და ერთჯერად დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით, მერიამ სოციალურ სააგენტოსთან, რვა მოქალაქეს უკვე უშუამდგომლა. დღესვე აღინიშნა, რომ მერია უსახლკაროთა ხელახალი რეგისტრაცია იწყებს და 60 ოჯახს , 100 ლარის ფარგლებში, ბინის ქირით უზრუნველყოფს. მერიის შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით ჯანდაცვის სფეროში მოქმედებს რამდენიმე პროგრამა, მათ შორის ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსება. თუმცა , როგორც დღეს მერიაში ითქვა, მოქალაქეების დიდი ნაწილი ოპერაციებისა და რეაბილიტაციის ჩასატარებელ თანხებს ითხოვს, შესაბამისად, მომავალი წლიდან შესაძლებელია აღნიშნული პროგრამებიც დაფინანსდეს.
Print