რუბრიკები
ფილმის ”პატარძლები” ქართული პრემიერა
რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის ”პატარძლები” ქართული პრემიერა 11 სექტემბერს საქართველოს კინოთეატრებში შედგება. ფილმის სცენარი პატიმარი მამაკაცების ცოლების შესახებ მოგვითხრობს. თინათინ ყაჯრიშვილი ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი თავად არის. რეჟისორმა აღნიშნა, ფილმი მოგვითხრობს თუ რა სირთულეების გადალახვა უწევთ ”პატარძლებს” - ეს არის ფინანსური თუ ფსიქოლოგიური პრობლემები ოჯახში, ციხეში; ფილმში ასახულია ქალების ცხოვრება, რომლებმაც ციხეში ქორწინების რეგისტრაცია გაიარეს. რეჟისორი წარმოგვიდგენს იმ ქალების რთულ ცხოვრებაზე, რომელთაც უამრავი დაბრკოლების მიუხედავად ოჯახების შენარჩუნება შეძლეს; თინათინ ყაჯრიშვილის თქმით, მართალია სცენარი ერთი კონკრეტული ოჯახის შესახებ არის, მაგრამ მასში ათასობით ქალის ბედია ასახული. ”პატარძლებში" მსახიობები: მარი კიტია, დარეჯან ხაჩიძე, გიორგი მასხარაშვილი, თამარ მამულაშვილი მონაწილეობენ. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმს უკვე მოჰყვა გამოხმაურება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე. ”პატარძლები” ბერლინის კინოფესტივალზე ”პანორამას” სექციაში რამდენჯერმე უჩვენეს. ფილმი ბერლინის კინოფესტივალის სელექციონერმა, ნიკოლაი ნიკიტინმა ეროვნულ კინოცენტრში ნახვისას შეარჩია. თინათინ ყაჯრიშვილს ნამუშევარს უკვე ხვდა დიდი წარმატება სარაევოს მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე: ფილმმა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო - ჟიურის სპეციალური პრიზი Heartofsarajevo აიღო, ხოლო მსახიობმა მარი კიტიამ ”პატარძლებში” შესრულებული როლისთვის ნომინაციაში ”საუკეთესო ქალი მსახიობი” გაიმარჯვა. შეგახსენებთ, ”პატარძლები” თინათინ ყაჯრიშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, მანამდე მაყურებელს დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს სთავაზობდა, იგი რამდენიმე ფილმის: ”ფარაჯანოვი”, ”შავი თუთა”, ”ბუდე”, ”უცნობი ჯარისკაცები”, ”ოცნება-პარიზი” პროდიუსერია.
Print