რუბრიკები
ზუგდიდში აქციას - "არა ნატოს" დაპირისპირება მოყვა (Video)
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრაზიული კავშირი" - ის მიერ დღეს ზუგდიდში, ცენტრალურ ხეივანში გამართულ აქციას „არა ნატოს!“ დაპირისპირება მოჰყვა. აქციის ორგანიზატორებს არასამთავრობო ორგანიზაციის "თავისუფალი ზონა" წარმომადგენლები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ. "ევრაზიული კავშირის" წარმომადგენელი ზაზა არახამია აქციაზე ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან შვილებთან იმყოფებოდა, მისი თქმით, აქციაზე შელაპარაკების დროს, ინცინდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც არახამიას თქმითვე, "თავისუფალი ზონის" წევრებმა მის მცირეწლოვან შვილს პლაკატი წაართვეს, როდესაც ბავშვს ხელი მოხვდა და ის ატირდა. „ვაფიქსირებდი აზრს - "არა ნატოს!", ჩვენ ისედაც არავინ მიგვიღებს ნატოში“ ,-აცხადებს "ევრაზიული კავშირის" წარმომადგენელი ზაზა არახამია. "ეს არის ჩვენი სირცხვილი, ასეთი უპასუხისმგებლო ხალხი რომ დგას და გვიკითხავს ზღაპრებს , პუტინს მთელი მსოფლიო უპირისპირდება, ეს კაცი დგას და ამბობს პუტინი კარგი კაცი არისო! მოიყვანა შვილები , იმ შვილების მომავლის არ ეშინია?!- განუცხადა რადიო "ათინათს" მოქალაქე დემურ ფიფიამ. სამართალდამცავებმა "თავისუფალი ზონის " ხუთი წევრი: ლევან თორია, ტატო ლაგვილავა, ლევან ჭანია, ლევან კვარაცხელია და თემურ მალანია დააკავეს. ამ წუთებში დაკავებულები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაყავთ. აქცია "არა ნატოს!" დღეს თბილისში გორსა და ბათუმში გაიმართა. მოგვიანებით,კი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ “თავისუფალი ზონის” წევრებს ჯარიმის გადახდა დააკისრა.  “თავისუფალი ზონის” წევრებს ლევან კვარაცხელიას, ლევან ჭანიას, ტატო ლაგვილავასა და თემურ მალანიას ჯარიმის სახით ასი ლარის გადახდა დაეკისრათ, ხოლო ლევან თორიას 400 ლარის. ამ უკანასკნელს სასამართლოს არდამორჩილებისთვის დამატებით ასი ლარის გადახდა დამატებითაც დაეკისრა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ “თავისუფალი ზონის” წევრებს დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად დრო, ერთი კვირის განმავლობაში მისცა.
Print