რუბრიკები
ზუგდიდის მერის თქმით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიების გატარებაა დაგეგმილი
ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და საკრებულოს თავმჯდომარე  მერაბ ქვარაიამ, თანამშრომლებთან ერთად, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ბოტანიკური ბაღი ასევე დაათვალიერეს ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელებმა, რომლებსაც ბაღთან დაკავშირებით 50 ათასი დოლარის ღირებულების პროექტი აქვთ შემუშავებული. ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას თქმით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიების გატარებაა დაგეგმილი. მათ შორის, ხელოვნური ტბის აღდგენა და ბაღში გასატარებელი სამუშაოებისა და საჭიროებების პროექტის მომზადება. ბოტანიკური ბაღის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიის სარეველა ბალახისგან გაწმენდა უკვე დაწყებულია და როგორც ქალაქის მერი აცხადებს, აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება. „პირველ რიგში ვაპირებთ მთლიანად გაიწმინდოს ბაღი, სადაც ჩართულები იქნებიან მერიის, საკრებულოსა და გამგეობის სამსახურები  და მომავალი წლიდან დაიწყება ბაღის სრული რეაბილიტაცია“- თქვა ირაკლი გოგოხიამ. საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ზუგდიდის ბატანიკურ ბაღს სამეცნიერო-კვლევითი ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს და ამაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. „ბუნებრივია, ვმუშაობთ მომავალი წლის ბიუჯეტზე, სადაც უნდა აისახოს ბოტანიკური ბაღის მოვლა- პატრონობისთვის საჭირო თანხები. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ბოტანიკური ბაღი დაიბრუნებს იმ იერ-სახეს, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის და იმ ფუნქციას, რომელიც მას ჰქონდა“, - აცხადებს მერაბ ქვარაია. ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელის ნანა თოდუას განმარტებით, მათი პროექტი ბიომრავალფეროვნების აღდგენას გულისხმობს, რომლის ფარგლებში  30-მდე  გადაშენების პირას მისული მცენარის გადარჩენა მოხდება. მისივე თქმით, ასოციაცია „მერკური“ დაფინანსებას გაეროს განვითარების ფონდიდან ელოდება. „გარდა ამისა, ამ პროექტით ჩვენ გვინდა გავაკეთოთ არა მარტო სანერგეების აღდგენა არამედ, გარკვეული პერიოდით მთლიანად ბაღის მოვლა- პატრონობის ვალდებულება ავიღოთ“,- ამბობს ნანა თოდუა. ცნობისთვის, ბოტანიკური ბაღი ეკონომიკის სამინისტროს  ბალანსზე ირიცხება  და ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მხოლოდ მოვლა-პატრონობის უფლებით მიმდინარე წელს გადაეცა.
Print