რუბრიკები
ანაკლიაში დღეს "მომავლის ბანაკი" დაიხურება
ანაკლიაში "მომავლის ბანაკი" დღეს დაიხურება. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში გუნდები საქართველოს კუთხეებს წარმოადგენენ, გაიმართება ფოტო-ნამუშევრების გამოფენა, სადაც ბანაკის ექვსივე ნაკადის საუკეთესო ეპიზოდები იქნება ასახული. სპორტულ აქტივობებეში გამარჯვებულებს კი, სპეციალური თასები და მედლები გადაეცემათ. ,,მომავლის ბანაკი" 5 ივლისს გაიხსნა და მას მოზარდებისგან დაკომპლექტებული 6 ნაკადი ესტუმრა, საერთო ჯამში ბანაკმა 1728 ახალგაზრდა მიიღო. განათლების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან ერთი მოსწავლე შეირჩა. უპირატესობა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს მიენიჭათ; მათ შორის - სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ 14-18 წლამდე მოზარდები დედაქალაქიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან. "წელს "მომავლის ბანაკმა" საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებსაც უმასპინძლა. დიასპორა - გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან ჩამოვიდა. ბანაკის მონაწილეებს ბელორუსი ,,ნორჩი მაშველების" გუნდი შეუერთდა და თანატოლებთან დაუვიწყარი 10 დღე გაატარა. პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა", - ნათქვამია სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. "მომავლის ბანაკი" წარჩინებულ მოსწავლეებს 2015 წლის ზაფხულში კვლავ უმასპინძლებს.
Print