რუბრიკები
ანაკლიაში თვითმმართველობის საკითხებზე კონფერენცია მიმდინარეობს
ანაკლიაში თვითმმართველობის საკითხებზე მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში საკრებულოების რესპუბლიკელ დეპუტატებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ნაუმანის ფონდის მხარდაჭერითა და რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე პოლიტიკოსები და სპეციალისტები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების საკანონმდებლო ორგანოების რესპუბლიკელ დეპუტატებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. კონფერენციის "თვითმმართველობის ლიდერები ლიბერალური გადაწყვეტილებებისათვის" მიზანია საკრებულოს წევრები უკეთ გაეცნონ თვითმმართველობის რეფორმის სპეციფიკას, შეიძინონ ბიუჯეტის მონიტორინგისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და უკეთ დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა საკრებულოებში. კონფერენციის მონაწილეები დისკუსიებით თვითმმართველობის კოდექსში შესულ სიახლეებს და თვითმმართველობის ორგანოებში პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის სპეციფიკაზე მსჯელობენ. კონფერენციას ასევე ესწრებიან რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, დეპუტატები: დავით ბერძენიშვილი, გიგლა აგულაშვილი, ნოდარ ებანოიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი სამდივნოს წევრები: ბაია რომელაშვილი, ირაკლი ხორბალაძე, საპარლამენტო ფრაქცის "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" იურისტი ლადო სანიკიძე. კონფერენციის მონაწილეებს თვითმმართველობის კოდექსში შესული სიახლეები რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა გააცნო. თვითმმართველობის ორგანოებში პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის სპეციფიკის შესახებ კი საკრებულოს წევრებს რესპუბლიკელი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ებანოიძე ესაუბრა. კონფერენცია 8 სექტემბერს დასრულდება. კონფერენციის ფარგლებში პირველი შეხვედრა კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოს საკრებულოების რესპუბლიკელი დეპუტატები იღებდნენ მონაწილეობას. რესპუბლიკური პარტიის პარტნიორი ფონდისა და რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით, მსგავსი კონფერენციები და სამუშაო შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება.
Print