რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა, დაახლოებით, 4000 - 4500 წლის ხის ნაგებობათა ნაშთებს მიაკვლიეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის არქეოლოგები ძველ კოლხურ ნამოსახლარს - „ტაბაკონის დიხაგუძუბა“ სწავლობენ. არქეოლოგებმა მიაკვლიეს ხის ნაგებობათა ნაშთებს, რომელიც წინასწარი კვლევებით 4000–4500 წლისაა. კოლხური არქიტექტურის ნიმუშების აღმოჩენა ერთი–ორად გაზარდის ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მეცნიერული მნიშვნელობა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის გამგეობის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს. "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტოირიაზე, ხობის საზღვართან აღმოჩნდა საკმაოდ ინტენსიური ნამოსახლარი. კერძოდ, გამოვლენილია ადრე ბრინჯაოს, შუა ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის მასალები, რომელიც მიეკუთვნება კოლხური არქიტექტურის ნიმუშებს. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან კოლხური არქიტექტურა ძირითადად ხის მასალებისგან შედგებოდა და მათი დაცულობა იყო ძალიან ცუდი, ამ შემთხვევაში კი დაცულობა არის ძალიან კარგი და შეიძლება სრული წარმოდგენა ვიქონიოთ კოლხური ჯარგვალური ტიპის ნამოსახლარზე", - უთხრა რადიო "ათინათს" ზუგდიდის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯიქიამ. მისივე  ცნობით, მოპოვებული მასალები მუდმივ მფლობელობაში გადაეცემა ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმს, ხოლო ცალკეული არტეფაქტების ნიმუშები შესწავლილ იქნება გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სპეციალურ ლაბორატორიაში.
Print