რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს„ნაციონალი“ წევრები კახა მიქაია „ოცნების“კრიტიკისთვის საყვედურობენ (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე და ბათლომე შელია, „ქართული ოცნების“ კვოტით გასულ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დეპუტატს,  კახა მიქაიას ამომრჩევლის ღალატში ადანაშაულებენ.  ანა წითლიძის თქმით, მიქაია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს და მერიას აკრიტიკებს, მაშინ როდესაც ანალოგიური პრობლემები ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც არსებობს. მისივე თქმით, მიქაიას ერთხელაც არ უფიქრია ჩასულიყო ანაკლიაში და „კაზანტიპის“ ფესტივალის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გასაუბრებოიდა. „მიქაიას ავიწყდება, რომ ის წარმოადგენს „ოცნების“ გუნდს და თუ მას რომელიმე კანდიდატის მიმართ ჰქონდა პრეტენზია, მას შეეძლო ეს არჩევნებამდე დაეფიქსირებინა და არა ახლა, როდესაც ისინი უკვე ხალხის მიერ არჩეულები არიან“, -  თქვა ანა წითლიძემ  საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების თქმით, კახა მიქაია ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკით პიარს იკეთებს. „ბატონო კახა, ეს თქვენ ნამდვილად არ გამოგივათ, რადგან თქვენზე ცოტათი ჭკვიანები ვართ და გამოცდილი გვაქვს მსგავსი პიარები და თქვენნაირი ბევრი გვინახავს. თქვენ ხართ ამ გუნდის წევრი და გეკისრებათ ყველა ის პასუხისმგებლობა, რაზეც ეს ხელისუფლება აგებს პასუხს.  თქვენი დღევანდელი პოზიცია არის ამომრცევლის ღალატი“,- თქვა ანა წითლიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს კახა მიქაია „ბავშვების ბჟუტურს“ უწოდებს და აცხადბეს, რომ ის მხოლოდ „ბობოლა ნაციონალებს“ - მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ახალაიებს, გოროზიას -  იცნობს. „დღევანდელ „ნაციონალებს“, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ქალაქის თუ თემის საკრებულოებში, არ ვიცნობ და მათ ბჟუტურზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება, დღევანდელი ხელიუფლების მიმართ ჩემს შენიშვნებს, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად გაითავისა და გაიგო,  თუ ამას გაითვალისწინებს ხელიუფლებაც იქნება ძალიან კარგი“,- ამბობს კახა მიქაია.
Print