რუბრიკები
სოფელ დიდინეძში არქეოლოგები ე.წ. „ტაბაკონის დიხაგუძუბას“ 4000-4300 წლის კოლხურ ნამოსახლარს სწავლობენ (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეიტ სოფელ დიდინეძში არქეოლოგებმა კოლხური კულტურის ხელოვნურ ნამოსახლარს მიაკვლიეს. ხის ნაგებობათა ნაშთები, წინასწარი კვლევებით, 4000- 4300 წლისაა და ისინი ადრე კოლხურ პერიოდს განეკუთვნება. არქოელოგიურ გათხრებს, ე.წ, „ტაბაკონის დიხაგუძუბაზე“, სოხუმის უნივერსიტეტის არქეოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის და გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტები აწარმოებენ. ამასთან, არქეოლოგებმა ნამოსახლარზე კერამიკის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც აღმოაჩინეს. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ჯონი აფაქიძის განმარტებით, აღმოჩენილი ხის ძელები წარმოადგენს ხელოვნურ ნამოსახლარს და ისინი შესასწავლად გერმანიაში გაიგზავნება. „კოლხები ბორცვებს ხელოვნურად აგებდნენ, რადგან ეს იყო ჭაობიანი ადგილი. ჯერ მოზვინავდნენ და შემდეგ ფენა-ფენა ხდებოდა მისი ამაღლება ისტორიის მანძილზე. ამგვარ ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვებს გასდევს ერთი ან ორი არხი. ეს არხი იყო როგორც თავდაცვის, ასევე სატრანსპორტო დანიშნულების, „ერთ ხეში ამოღებული ნავებით დაცურავენ აღმა - დაღმა“ , როგორც ძველი ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე წერს“, - თქვა ჯონი აფაქიძემ. დიდინეძში აღმოჩენილ კოლხურ ნამოსახლარს მნიშვნელოვან აღმოჩენას უწოდებს საქართველოს არქეოლოგიური გათხრების კომისიის თავმჯდომარე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ ჯაფარიძე. მისი თქმით, აღმოჩენილ ხის მასალებს,  მათი ჯიშების გასრკვევად, გერმანიის ლაბორატორიაში კვლევა ჩაუტარდებათ. მოპოვებული მასალები ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმს  მუდმივ მფლობელობაში გადაეცემ.
Print