რუბრიკები
ფოთში მცხოვრები დევნილები ქალაქის მერიაში შიმშილობას განაგრძობენ
  აქციის მონაწილეები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან შეხვედრას და სპეციალური კომისიიის შექმნას ითხოვენ, რომელიც ფოთში ბინების განაწილების საკითხს გამოიკვლევს. "კომისიის შექმნას დღემდე უშედეგოდ ვითხოვთ. შიმშილობას არ ვწყვეტთ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა. თუ ბინები კანონიერად განაწილდა, ხმას არ ამოვიღებთ, თუმცა ნათელია, რომ ასე არაა. ბოლობოლო ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. ვინმემ ხომ უნდა მოგვაქციოს ყურადღება, ვინმე ხომ უნდა ჩამოვიდეს აქ?!“, - აცხადებენ დევნილები. აქციის მონაწილეებს დღესვე საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძეც  შეხვდა, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი შემხვედრი ნაბიჯი არ არ გადადგმულა და მოშიმშილეების პრობლემით არავინ დაინტერესებულა. „ჩვენ ვეცდებით, მივაწოდოთ ხელისუფლებას მათი სატკივარი და იქნებ შედგეს კონსესუსი კომისიის შექმნის თაობაზე“, - განაცხადა თევდორაძემ. დევნილების სოლიდარობის მიზნით მერიის შენობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი დარეჯან ცხვიტარიაც შიმშილობს. შიმშილობის პარალელურად აქცია ფოთის მერიასთან სხვა დევნილებმაც გამართეს, რომელთაც მერიის ფოიეში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც დაცვის პოლიციამ არ მისცა.
Print