რუბრიკები
საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი სამეგრელოს სამხარეო პოლიციის განყოფილებაში იმყოფება
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცეული მსჯავრდებული რუსლან სოსელია ამ დრომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფება. იგი მაშინ დააკავეს როცა გალის რაიონში ცდილობდა გადასვლას. სოსელიას უახლოეს დღეებში ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ. პატიმარი ორი დღის წინ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაიქცა, სადაც გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მკურნალობის მიზნით იყო გადაყვანილი. "მსჯავრდებული რუსლან სოსელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ერთობლივად გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სოფელ რუხში დააკავეს, საიდანაც გამყოფი ხაზის გადაკვეთით, გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა. მსჯავრდებული 21 სექტემბერს, გამთენიისას ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაიქცა, სადაც გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მკურნალობის მიზნით იყო გადაყვანილი. რუსლან სოსელიას მიმართ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა მიმართ - 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით", - ნათქვამია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.
Print